Google Maps-ის საბოლოო მომხმარებლის მომსახურების დამატებითი პირობები

ბოლო ცვლილება: 2025 წლის 4 ივნისი

Google Maps-ის ან Google Maps პლატფორმის სერვისებთან დაკავშირებული ნებისმიერი მესამე მხარის პროდუქტის გამოყენებით თქვენ, როგორც საბოლოო მომხმარებელი, უნდა დაეთანხმოთ შემდეგს: (1) Google-ის მომსახურების პირობები და (2) Google Maps-ის მომსახურების ეს დამატებითი პირობები („Maps-ის დამატებითი პირობები"). Maps-ის დამატებითი პირობები აერთიანებს Google Maps-ის სამართლებრივ შენიშვნებს/Google Earth-ს და Google Maps/Google Earth API-ებს.

ყურადღებით წაიკითხეთ თითოეული დოკუმენტი. ეს დოკუმენტები ერთობლივად ცნობილია, როგორც „პირობები". მათში ჩამოყალიბებულია, რას ველოდებით თქვენგან, როდესაც ჩვენს სერვისებს იყენებთ, და რას ელოდებით ჩვენგან თქვენ.

თუ Google Maps-ში მხოლოდ მოვაჭრისთვის განკუთვნილ ფუნქციებს იყენებთ თქვენი ბიზნეს პროფილის სამართავად, გამოყენებისას გავრცელდება Google ბიზნეს პროფილის პირობები, რომლებიც ხელმისაწვდომია https://support.google.com/business/answer/9292476-ზე.

გირჩევთ, გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის დებულებას. ის განმარტავს, რა ინფორმაციას ვაგროვებთ, რატომ ვაგროვებთ და როგორ შეგიძლიათ თქვენი ინფორმაციის განახლება, მართვა, ექსპორტი და წაშლა.

  1. ლიცენზია. მოცემული პირობების დაცვით, Google-ის მომსახურების პირობებით გეძლევათ ლიცენზია, გამოიყენოთ Google Maps, მათ შორის, ფუნქციები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ:

    1. დაათვალიეროთ რუკები და შექმნათ ანოტაციები;

    2. შექმნათ KML ფაილები და რუკების შრეები; და

    3. საჯაროდ აჩვენოთ კონტენტი ავტორობის სათანადო მითითებით ონლაინ, ვიდეო და ბეჭდვითი ფორმით.

  2. დამატებითი ინფორმაციისთვის იმ კონკრეტული ქმედებების შესახებ, რომლებიც ნებადართულია Google Maps-ში, მოინახულეთ Google Maps-ის, Google Earth-ისა და Street View-ს გამოყენების ნებართვების გვერდი.

  3. აკრძალული ქცევა. თქვენ მიერ ამ მე-2 ნაწილის პირობების დაცვა წარმოადგენს Google Maps-ის გამოყენების ლიცენზიის მიღების წინაპირობას. Google Maps-ით სარგებლობისას თქვენ (ან თქვენი სახელით მოქმედ პირებს) გეკრძალებათ:

    1. ხელმეორედ გაავრცელოთ ან გაყიდოთ Google Maps-ის რომელიმე ნაწილი ან Google Maps-ის საფუძველზე შექმნათ ახალი პროდუქტი ან სერვისი;

    2. დააკოპიროთ კონტენტი (თუ არ გაქვთ ამის ნებართვაGoogle Maps-ის, Google Earth-ისა და Street View-ს ნებართვების გვერდის ან ინტელექტუალური საკუთრების შესახებ მოქმედი კანონის შესაბამისად, „სამართლიანი გამოყენების" ჩათვლით);

    3. მასობრივად ჩამოტვირთოთ კონტენტი ან შექმნათ კონტენტის მასობრივი არხები (ან სხვებს მისცეთ ამის საშუალება);

    4. გამოიყენოთ Google Maps რუკებთან დაკავშირებული მონაცემების სხვა ნაკრებების შესაქმნელად ან გასაფართოებლად (რუკების ან ნავიგაციის მონაცემთა ნაკრების, ბიზნეს ობიექტების მონაცემთა ბაზის, დაგზავნის სიის და ტელემარკეტინგის სიის ჩათვლით) Google Maps-ის ჩამნაცვლებელ ან არსებითად მსგავს სერვისში გამოსაყენებლად; ან

    5. გამოიყენოთ Google Maps-ის რომელიმე ნაწილი სხვა პირების პროდუქტებთან ან სერვისებთან ერთად, რეალური დროის ნავიგაციის ან ავტომობილის ავტონომიური კონტროლის მიზნით ან მათთან დაკავშირებით, Google-ის მიერ უზრუნველყოფილი ფუნქციების გამოყენების გარდა, როგორიცაა Android Auto.

  4. ფაქტობრივი პირობები; რისკთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა. Google Maps-ის რუკის მონაცემების, ტრაფიკის, მითითებების და სხვა კონტენტის გამოყენებისას შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ ფაქტობრივი პირობები განსხვავდება რუკების შედეგებისა და კონტენტისგან, ამიტომ დამოუკიდებლად გადაწყვიტეთ და გამოიყენეთ Google Maps საკუთარი რისკის ფასად. ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ თქვენ აგებთ პასუხს თქვენს ქმედებებსა და მათ შედეგებზე.

  5. თქვენი კონტენტი Google Maps-ში. კონტენტზე, რომელსაც ატვირთავთ, წარმოადგენთ, შეინახავთ, გაგზავნით ან მიიღებთ Google Maps-ში, ვრცელდება Google-ის მომსახურების პირობები, მათ შორის, ლიცენზია, რომელიც მოცემულია სექციაში, სახელწოდებით„თქვენი კონტენტის გამოყენების ნებართვა". თუმცა კონტენტი, რომელიც მხოლოდ ლოკალურად ინახება თქვენს მოწყობილობაში (როგორიცაა ლოკალურად შენახული KML ფაილი), არ აიტვირთება და არ გადაიგზავნება Google-ში და, შესაბამისად, მასზე ეს ლიცენზია არ ვრცელდება.

  6. საბოლოო მომხმარებლები სამთავრობო უწყებებიდან. თუ იყენებთ Google Maps-ს სახელმწიფო ორგანოს სახელით, მოქმედებს შემდეგი პირობები:

    1. მარეგულირებელი კანონი.

      1. მუნიციპალური და სახელმწიფო სამთავრობო ორგანოებისთვის აშშ-სა და ევროკავშირში, Google-ის მომსახურების პირობების ნაწილი მარეგულირებელი კანონისა და იურისდიქციის შესახებ არ მოქმედებს.

      2. შეერთებული შტატების ფედერალური სამთავრობო უწყებებისთვის Google-ის მომსახურების პირობების ნაწილი მარეგულირებელი კანონისა და იურისდიქციის შესახებ ჩანაცვლდება შემდეგით:

        „მოცემული პირობების რეგულირება, ინტერპრეტირება და აღსრულება მოხდება ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის შესაბამისად, კოლიზიური ნორმების მიუხედავად. მხოლოდ ფედერალური კანონით დაშვებულის ფარგლებში: (ა) კალიფორნიის შტატის კანონი (კალიფორნიის კოლიზიური ნორმების გარდა) მოქმედებს მოქმედი ფედერალური კანონის არარსებობისას; და (ბ) ნებისმიერი დავა, რომელიც დაკავშირებულია ამ პირობებთან ან Google Maps-თან, განიხილება ექსკლუზიურად სანტა-კლარას ოლქის (კალიფორნია) ფედერალურ სასამართლოებში და მხარეები თანხმობას აცხადებენ ამ სასამართლოების პერსონალურ იურისდიქციაზე“.

    2. აშშ-ის მთავრობის შეზღუდული უფლებები. აშშ-ის ფედერალური სამთავრობო ორგანოების მიერ Google Maps-ზე წვდომასა და მათ გამოყენებაზე ვრცელდება [Google Maps/Google Earth-ის სამართლებრივი შენიშვნების] სექციაში მოცემული „აშშ-ის მთავრობის შეზღუდული უფლებები".